კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე ადრე შუა საუკუნეების წმ.თევდორეს სახელობის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დარბაზული ნაგებობაა (6,75×4,3 მ). აშენებულია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით. გამოყენებულია ფიქალიც. განირჩევა სამი სამშენებლო დონე: პირველი ეკლესიის მშენებლობის, შემდეგი გვიან შუა საუკუნეების, რომლის დროსაც ეკლესიის აღდგენისას კარის თაღი და სარკმლები ამოყვანილია აგურით და მესამე მეოცე საუკუნის, როცა კიდევ ერთხელ აღდგა და დაიხურა ტაძარი. ნაგებობა ფერდზე დგას, რის გამოც, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ცოკოლზეა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი აღდგენის დროს თაღოვანი გაუკეთებიათ. თაღი აგურითაა გამოყვანილი. ტაძარი განათებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის თაღოვანი სარკმლებით. აბსიდან ნახევარწრიულია და დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია, ჩრდილოეთის სწორკუთხაა, სამხრეთის კი პირამიდული თავსართით ბოლოვდება. საკურთხევლის კედელთან ტრაპეზის ქვაა, რომელსაც შუაში წრიული გახვრეტი აქვს (აშკარად სამშენებლო დეტალია ტრაპეზად გამოყენებული). მსგავსი ფორმის ქვა, ოღონდ ოთხკუთხა ნახვრეტით საკურთხევლის ამბიონის ჩრდილოეთითაც დევს. აბსიდა კონქით სრულდება, რომელიც მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზს დაბალი საფეხური შემოსდევს. კამარა ორ შეკიდულ და მუზარადისებურ თაღს ეყრდნობა. კედლისა და კამარა-კონქის გადაბმის ხაზზე ტაძრის ყველა მხარედ კვადრატული ფოსოებია დატოვებული. იატაკი ქვაფენილია.