რამდენიმე დღის წინ, ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის ზედამხედველობით ხორციელდება, გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი - სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პირველადი დამუშავება - კერამიკული ნაწარმის გაწმენდა და ფოტოგრაფირება. შემდგომ მოხდება ჩახაზვა და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი ანალოგების მოძიება და მათთან შედარება. თითოეული ჭურჭლიდან საანალიზოდ აღებულია ძირზე არსებული მიწის ნიმუში, რაც გადაეცემა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს. შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მიერ მოხდება ასევე ლითონის ნაწარმის დამუშავება. გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწის სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება არქეოლოგიური მასალის სპეციალურ სამუზეუმო სივრცეში განთავსება. წარმოდგენილი კერამიკული ნაწარმი სწორედ ამ მარანში მდებარე ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩნდა. ესენია: დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა. ხუთივე მათგანი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ, ორიოდ კვირის წინ, ასევე გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის ქ. N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი XVIII-XIX სს. მიჯნით შიძლება დათარიღდეს. კერამიკული ნაწარმის გარდა ქვევრში დაფიქსირდა ასევე სპილენძის აზარფეშა,- გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში. სამუშაოებს სისტემატიურ ზედამხედველობას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური.