ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში მდებარე XVI ს-ის ეკლესიას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დგას მინდორზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით აგებულია მე-16 ს. 70-იან წლებამდე, სანამ მესხეთს თურქები დაიპყრობდნენ. ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ფერადოვანი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშაა. ერთი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. კამარა გრძივი აბსიდის ბოლოში მასიური ქვებით გამოყვანილ პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა.