საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან. ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის დღეს გაფორმდა, ამ ტიპის ჩართულობასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც ითვალისწინებს. ამიერიდან სააგენტო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს 2 სახელმწიფო უწყების მიერ ერთობლივად განხორციელებულ სამეცნიერო კულტურულ ღონისძიებებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტროში მემორანდუმს ხელი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე მოსამსახურე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში გასულ წელსაც იყო ჩართული. კავკასიურ სივრცეში სრულიად უპრეცენდენტო პროექტში სახელწოდებით „ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ქართველი და ბრიტანელი ყოფილი სამხედრო პირების რესოციალიზაცია“, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ექვსმა ბრიტანელმა და ქართველმა ყოფილმა სამხედრო პირმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მიზანი იყო ჯარისკაცებისთვის ომში მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შემსუბუქება და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მეშვეობით მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია. ნოქალაქევის უნიკალურ ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, სამხედრო ხელმძღვანელებისა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ, საერთაშორისო ექსპედიციაში მყოფი სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში, რომელმაც ახალგარდების ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მხრივ დადებითი როლი შეასრულა.