ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში მდებარე XVII ს-ის ხიდს 2018 წლის 17 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭაპალას ხიდი მდებარეობს მდ. მაშავერაზე. ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე. ხიდი ერთმალიანია. მალი შეისრულია. ხიდის კიდეები მდინარის კალაპოტის შემაღლებასა და სპეციალურად გაკეთებულ სუბსტრუქციას ეყრდნობა. თაღი ფეხზე მდგარი ქვების ორი რიგითაა შექმნილი, რომელზეც ზემოდან კიდეებისკენ გამსხვილებული დაშენებაა. ხიდს სავალი ნაწილის კიდეებზე ბორდიურები გასდევს, რომლის ზედაპირი, ისევე როგორც ხიდის სავალი ნაწილი დუღაბითაა გადალესილი. საინტერესოა, რომ ხიდი შუა საუკუნეების ხიდებივით ერთმალიანია და არა რამდენიმე მალიანი, როგორც ეს გვიანი შუა საუკუნეების ხიდების შემთხვევებში გვხვდება. ხიდი დღემდე მოქმედია და ის ერთადერთი სამანქანო გზაა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორზე გადასასვლელად.