გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2018 წლის 17 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი შედგება ერთმანეთზე მიდგმული ორი ნაგებობისგან: ერთი იაკობ გოგებაშვილის მიერ აშენებული სკოლის შენობაა, ხოლო მეორე იაკობ-გოგებაშვილის მიერ აგებული სახლის სრული ასლი. 1. სახლის ასლი დგას იმ სახლის ადგილას, სადაც იაკობის ოჯახის საცხოვრებელი სახლი იდგა. სოფ. ახალდაბიდან ბატონს გამოქცეული იაკობის მამა - სვიმონი ამ სოფელში მოსახლეობას შეუფარებიათ, მიწის ნაწილი მიუციათ და აქ დაუსახლებიათ. სვიმონს აუშენებია პატარა ქოხი, სადაც ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. 1832 წლიდან სვიმონი სახლის გვერდით ვარიანელთა მიერ აშენებულ ეკლესიაში მღვდლად განმწესდა. იმ ქოხში დაიბადა იაკობ გოგებაშვილიც. ქოხი, რომელშიც იაკობის ოჯახი ცხოვრობდა, ორსართულიანი სახლით შეიცვალა მოგვიანებით, როცა იაკობმა წიგნებიდან მიღებული ჰონორარით შეძლო ორსართულიანი სახლის აგება. ამ სახლის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნოდა, იაკობმა გახსნა ერთწლიანი სკოლა, სადაც ვარიანელი გლეხის ბავშვები განათლებას იღებდნენ უფასოდ. ამ ოთახში სკოლა ფუნქციონირებდა 1901 წლამდე, სანამ იაკობმა სახლს უკანა მხრიდან ერთსართულიანი შენობა არ მიადგა, სადაც ოთხწლიანი სკოლა გახსნა. იაკობის გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდა იაკობის ძმის შთამომავლობა. 1958 წ. სახლიდან ძმის შვილები გადაყვანილი იქნენ სხვა სახლში, აქ კი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. სახლი ძლიერ იყო დაზიანებული 1920 წლის მიწისძვრის შედეგად, რის გამოც იმავე წლებში სახლი სრულად იქნა განახლებული იაკობისეული სახლის სტილის სრული დაცვით (სახლ-მუზეუმში დაცულია 1940 წელს რ. აკოფოვის მიერ გადაღებული სახლის ფოტო, რომელიც იაკობისეული სახლის ერთადერთი საარქივო მასალაა). სახლი ორსართულიანია. ქვედა სართულზე მოთავსებული იყო სამეურნეო ოთახები, ხოლო ზედა სართულზე სამი ოთახი თავისი ბუხრებით და კედელში ჩადგმული კარადებით. ორივე სართულის ოთახები ფასადისკენ იხსნება სამი კარითა და ოთხი სარკმლით. მეორე სართულს მთელს სიგრძეზე ხის აივანი გასდევს, რომელიც ხის სვეტებს ყრდნობა. ასასვლელი კიბე პირველი სართულის ტერასიდანაა. ტერასა მოაჯირის გარეშეა. სახლს გვერდიდან მიდგმული აქვს სათონე. ამჟამად შენობის პირველი სართული მუზეუმის ფონდსაცავია, მეორე სართულზე საექსპოზიციო სივრცეა მოწყობილი, რომელშიც იაკობის მემორიალური ნივთებია გამოფენილი (ერთ ოთახში წიგნის კარადა და სამუშაო მაგიდა დგას, მეორე ოთახში იაკობის საწოლი, ტანსაცმლის კარადა და მაგიდა-სარკით, მესამე ოთახი კი საკლასო ოთახის პრეზენტაციაა - როგორც აღვნიშნეთ, სახლის ერთი ოთახი 1901 წლამდე იაკობს საკლასო ოთახად ქონდა გამოყენებული). შენობაზე გვერდით მიდგმულია სათონე, რომელშიც ამჟამად მუზეუმის ადმინისტრაციული ნაწილია შეხიზნული (ადმინისტრაციული შენობა მუზეუმს არ გააჩნია). 2. სკოლის შენობა, აშენებულია დაახლოებით 1900 წლისთვის, 1901 წლიდან ამ შენობაში იაკობის მიერ გახსნილი ოთხწლიანი სკოლა იდებს ბინას. სახლი ერთსართულიანია, რამდენიმე კიბით ამაღლებული მიწიდან. შედგება ერთი დიდი ოთახისგან, რომელიც ფასადისკენ გახსნილია სარკმლებით და ორი კარით. ოთახი თავის დროს სამ ნაწილად იყო გატიხრული და სამივე ოთახი კლასებს ქონდა დაკავებული. სახლს წინ მთელს სიგრძეზე ხის აივანი გასდევს. აივანს ხისავე იატაკი ქონდა, რომელიც ამჟამად შეცვლილია აგურის ფილაქნით. ასევე გამოიყურებოდა სკოლა 1940-იან წლებში გადაღებულ ფოტოზე, რომელიც სახლ-მუზეუმის ფონდშია დაცული. 1962 წელს შექმნილ ფერწერულ ტილოზე კი, რომელიც ამჟამად მუზეუმის საექსპოზციო დარბაზშია დაცული, სკოლის შენობა შუშაბანდიანია (როგორც ჩანს, აივანი XX ს. 50-იან წლებში შემინეს). დღეს შუშაბანდი მოხსნილია და ისევ აივანია გაკეთებული. ასევე ახსნილია სკოლის ოთახის ტიხრები და ერთიან საექსპოზიციო სივრცედაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შემადგენელი ნაგებობებიდან ერთი თითქმის ახალი ნაგებობაა, ხოლო მეორე მცირედ სახეცვლილია, ისინი მაინც უნდა ჩაითვალოს იაკობ გოგებაშვილთან დაკავშირებულ მემკვიდრეობად. გარდა ამისა, სკოლის შენობა ერთ-ერთი პირველი სახალხო სკოლის ისტორიის სიმბოლოა, რომელიც იმ დიდი საგანმანათლებლო მოძრაობის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თერგდალეულთა სახელს უკავშირდება და რომელმაც ძირეული ცვლილებები შეიტანა ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებაში.