საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, 18, 19 და 20 აპრილს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ იმართება. 3 დღიან ფორუმს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი „არტჰოუსი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობენ, სადაც პანევროპული ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი, ვიცე პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი და ევროპის საინვისტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტები საქართველოს მხარეს დავით გარეჯში ნოემბერში განხორციელებული მისიის ანგარიშს წარუდგენენ. სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შემუშავებულ რეკომენდაციებს მოიცავს, სამომავლოდ დავით გარეჯის როგორც „ღია ცის ქვეშ მუზეუმის„ შექმნის კონცეფციასაც წარმოადგენს. კონფერენციის მიზანია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა, კომპლექსის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარი პრობლემების საერთაშორისო დონეზე წამოწევა და გადაჭრის გზების ძიება. კონფერენციის ფორმატში დავით გარეჯის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის პროცესი ფართო სამეცნიერო წრეებს გააერთიანებს, სადაც ქართველ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ იერუსალიმის ჰიბრუს უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ პატრიხი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა კალასი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სოლტესი, გარემოს დაცვისა და კვლევის იტალიური ინსტიტუტის წარმომადგენლები. საერთაშორისო კონფერენციას 18 აპრილს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. სამონასტრო კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებალად ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი საქართველოს 2018 წლის ნოემბერში სტუმრობდა. 4 დღიანი მისიის ფარგლებში ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები განახორციელეს. სამუშაო ჯგუფისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეული დარგის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით განისაზღვრა ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი მეთოდოლოგიაც. 2018 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ფინალურ ნუსხაში მოხვდა, რაც ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებდა. დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა. * დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ასურელი მამების დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების მიერ VI საუკუნის I ნახევარში დაარსებული ქართული კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. კომპლექსი ოცზე მეტ კლდეში ნაკვეთ მონასტერსა და რამოდენიმე ასეულ სენაკს მოიცავს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი; 2007 წლიდან კომპლექსი შეყვანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში. ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებსევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. პროგრამის „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში ევროპა ნოსტრა ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მეშვეობით. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ნომინაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებზე. ცენტრის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ევროპა ნოსტრას არაერთი ჯილდო მიიღო და ის 2016 წლიდან ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო ფორუმი დღის განრიგი და მოკლე პროგრამა: გახსნა 18 აპრილს, 10:00 - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი „არტჰოუსი“, საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის გამზირი #7, თბილისი, 0108, საქართველო 19, 20 აპრილი, 2019 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო საერთაშორისო კონფერენციის მოკლე პროგრამა: 18 აპრილს, ხუთშაბათს, 10:00-18:00 მის: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი რუსთაველის გამზირი #7, თბილისი, 0108, საქართველო სექცია I - ძეგლის მართვის და დაცვის საკითხები სექცია II - დავით გარეჯის ბუნებრივი მემკვიდრეობა 19 აპრილს, პარასკევს, 10:00-13:00 მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო სექცია III - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტები 20 აპრილს, შაბათს, 10:00-17:00 მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ა.ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, 0108, საქართველო სექცია III - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიული, კულტურული და სახელოვნებათმცოდნეო ასპექტები სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: www.gaccgeorgia.org