ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“ 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთში, ამირან მალაყმაძის ეზოში. მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. მარანის კუთხის კიდეები ამოყვანილია მოზრდილი გათლილი ქვით, შიდა პირი კი ფლეთილი ქვითაა გაწყობილი. მარნის ორივე შესასვლის კარი სამხრეთ კედელშია მოწყობილი, სწორკუთხაა და დასრულებულია არქიტრავით. კარგად იკითხება მარანის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული. მარანის გადახურვა თავდაპირველად ბანური იქნებოდა, ახლა მიწითაა დაფარული და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი ძლიერ დაზიანებულია, ჩამოქცეულია ქვები, წვიმის დროს ჩამოდის წყალი რის გამოც საკმაოდ დაზიანებულია მზიდი კედლები. მარნის ორივე მოცულობის საერთო სიგრეძე 8 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3,20 მეტრი. კედლის სისქე 0.60 სმ-ია. მარნის ინტერიერში ორივე მხარეს ჩრდილოეთ კედელი ოვალური ფორმისაა და ნაგებია ფლეთილი ქვებით კირიდს ხსნარზე. მარანი დღეს უფუნქციოა, დაზიანებების გამო ფუნქცია დაკარგული აქვს. მარანში, ქვევრების არსებობას ადასტურებს აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, სამწუხაროდ დღეს ისინი დამტვრეულია, ერთი საკმაოდ მოზრდილი ქვევრი აღმოჩენილია მარანთან ახლოს, ეზოში. მიწისზემოდან მხოლოდ ქვევრის ზედა პირი იკითხება. მარნის ეზოში, მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან, რაც გაფიქრებინებს რომ აქ არსებული მასალა საკმაოდ ძველია და დამატებით კვლევასა და არქეოლოგიურ სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, რაც დაგვეხმარება მარნის ზუსტი დათარიღების დადგენაში. მარანი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კულტურული მემკვიდრეოის თვალსაზრისით ღირებულია და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელ ჩიქუნეთში გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ისტრიული მასალა და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მის ღირებულებას განსაზღვრავს.